მიწის დაუმუშავებლობაზე ჯარიმა უცხოელებისთვის შესაძლოა, 30 ათას ლარამდე იყოს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობაზე ჯარიმა უცხოელებისთვის შესაძლოა, 20-30 ათასი ლარის ფარგლებში იყოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა.
საჯარიმო სანქციებს ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში უნდა დაიწყოს. ამასთან, კანონპროექტის შემუშავებისას საუბარი იყო დაუმუშავებელი ნაკვეთის გაყიდვის ვალდებულებაზეც. თუმცა, დანელიას განცხადებით, ეს თემა ამ დროისთვის საჯარიმო სანქციით შეიცვალა.
„როდესაც გაყიდვის თემა იყო, ის საკმაოდ დიდი დისკუსიის საგანი გახდა. ჩვენ ის ჩავანაცვლეთ საჯარიმო სანქციებით. სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემოსავალი, თუ არ მუშავდება მიწის ნაკვეთები. აქ არის ზღვრული დადგენილი რაოდენობები, შესაძლოა 20 ათასიდან 30 ათას ლარამდე იყოს საჯარიმო სანქციები. ვფიქრობთ, ეს არის ოპტიმალური გამოსავალი“, – აღნიშნა დანელიამ.
შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, გამონაკლისებს კი, ორგანული კანონი დაადგენს.