ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Aviareps-ის ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება გერმანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა სხვადასხვა ფორმით, მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.
ამასთან, უწყების ცნობით, გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.
შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.