მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მამუკა ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პატრიკ შენაჰენს შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველ არხს განუცხადა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ შენაჰენთან შეხვედრას. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც გაგრძელდება 45 წუთი. ამ შეხვედრას ჩვენი მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.
ეს იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული კავშირი ურყევია. ამ შეხვედრის ფარგლებში აღვნიშნავთ იმ მიღწევებს, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვაქვს. ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება, თავდაცვითი ტიპის შეიარაღების შესყიდვა და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. განვიხილავთ თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, მათ შორის, სტრატეგიულ დონეზე და მომავალში ძალიან კონკრეტულ, პოზიტიურ ინფორმაციებს მივიღებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 15-17 თებერვალს შედგება.