საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აცხადებს ღია საერთაშორისო საჯარო ტენდერს სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებაზე.
კორპორაციის ინფორმაციით, კონსულტანტს ევალება გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური ზემოქმედების ანალიზის შემუშავება და პროექტთან დაკავშირებული სხვა კვლევების უზრუნველყოფა, აგრეთვე კვლევითი ფაზის დროს გარემოს, სოციალური, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი და ზედამხედველობა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის.
საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება 2018 წლის მარტში/აპრილში.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად შეირჩევა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ექნება მსგავს პროექტებში გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშების შემუშავებისა და სხვა მასთან დაკავშირებული კვლევის ანგარიშების შემუშავების დადასტურებული გამოცდილება.
სატენდერო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ სასურველია საკონსულტაციო კომპანიები, რომელთან გააჩნიათ რეგიონული გამოცდილება საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში და დსთ-ს ქვეყნებში. ამასთანავე, პრეტენდენტის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 2.0 მილიონ ევროს ბოლო სამი წლის მანძილზე. კონსორციუმის ან ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, საჭიროა საშუალო წლიური 3.0 მილიონი ევროს ოდენობის ბრუნვის წარმოდგენა ბოლო სამი წლის მანძილზე, სადაც წამყვანი პარტნიორის საშუალო წლიური ბრუნვა იქნება 1.7 მილიონ ევროზე მეტი.