მიტროპოლიტი შიო - პატრიარქის მოსაყდრედ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის ამ გადაწყვეტილების გამო ღელავს.
“ერთი მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის, მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა კურთხევის. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.