მიტროპოლიტი დავით მახარაძე - სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში დაბეჭდილი 200-ათასიანი მასშტაბის რუკების მიხედვით
მიტროპოლიტი დავით მახარაძე - სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში დაბეჭდილი 200-ათასიანი მასშტაბის რუკების მიხედვით

საპატრიარქოში სინოდის სხდომაზე, სინოდის წევრებმა განიხილეს ათამდე თემა, მათ შორის ვაქცინაციისა და დავით გარეჯის თემები. სხდომის მდივანი კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იყო.

როგორც მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ აღნიშნა, საკითხები ეხებოდა როგორც დავით გარეჯს, ისე ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის პანდემია.

„საკითხები შეეხებოდა ასევე იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით. ყველაფერი იქნება ჩამოყალიბებული სინოდის განჩინებაში და მალე გავაცნობთ ამ განჩინებას საზოგადოებას“, – განაცხადა ანდრია გვაზავამ.

როგორც ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ განაცხადა, დღევანდელი სინოდის სხდომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯის თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები ბევრნი, ვისაც ეჭვი ეპარება დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილებაზე და იქ არსებული ეკლესიების ქართულ ქრისტიანულ წარმომავლობაზე. სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200-ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზეც ორმა ქვეყანამ 1996 წელს მოაწერა შეთანხმებას ხელი. ითქვა, რომ რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ თემის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკისა და ისტორიის დაწვრილებით ახსნისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხიც განიხილეს.

„განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი. ფაქტობრივად აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია. ეს სუფთა ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენ ვიტყვით ამაზე როგორიც არის საღი აზრი, რათა არ დაბრკოლდებიან ადამიანები ამით. ჩვენ კი არა, თავად გაერო-ს აქვს მიღებული ასეთი რამ, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, მათ შორის რაიმე სხვაობა არ იყოს. ასევე ჩვენი მხრიდანაც არ იქნება განსხვავებები, არ იქნება ვინც გაიკეთებს და ვინც არა“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ.