მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) - გუშინდელი ინციდენტი იყო დაგეგმილი პროვოკაცია
მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) - გუშინდელი ინციდენტი იყო დაგეგმილი პროვოკაცია

ვიღაცები ეკლესიაში ეძებენ რაღაც პროვოკაციას და გუშინდელი ინციდენტი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მღვდელმთავარს, რომელსაც არ ემორჩილება დიაკონი, არ აქვს უფლება, გამოუტანს განაჩენი და დასაჯოს? მღვდელმთავარმა ორჯერ მოუწოდა დიაკვნებს, რომ დამდგარიყვნენ მსახურებაზე, მათ კი უარი განაცხადეს.

ვიღაცები ეკლესიაში ეძებენ რაღაც პროვოკაციას და გუშინდელი ინციდენტი იყო დაგეგმილი პროვოკაცია. გუშინ ვინც იყვნენ იქ მისული, მარტვილელი არც ერთი არ იყო, ყველა იყვნენ ჩამოსულები, ზოგი ქუთაისიდან, ზოგი საიდან. როდესაც მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში ატარებს კრებას, რა ესაქმება ავტობუსებით ჩამოსულ ადამიანებს, მით უმეტეს, იმ კომპეტენციებში, რასაც ქვია მღვდელმთავრის კომპეტენცია. მე ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის შევუთანცხმო, ჟურნალისტებს თუ ანგაჟირებულ მრევლს? აღშფოთებული ვარ და მით უმეტეს, ასეთი ძალადობით შეჭრა, მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როდესაც მიდის კრება. ეს იყო დაგეგმილი. ხალხი, რომელიც აივნიდან გადმოვარდა, ისინიც გარედან აღებდნენ კარს და ვერ დაიტია ვიწრო აივანმა. ჩვენ დღეს კიდე რამოდენიმეჯერ ვნახეთ ეს კადრები. ახსნა-განმარტებას ვერ ვუძებნით. მორწმუნე ადამიანი არ გააკეთებს ამას, იქ მორწმუნეობის არაფერი ეტყობოდათ. იქ იყვნენ შეგნებულად ჩასული ადამიანები, რომელთაც პროვოკაცია უნდა გამოეწვიათ და გამოუვიდათ კიდეც.

სინოდის მიერ დაინიშნა მღვდელმთავარი და მას ეურჩება ორი დიაკონი, ოფციალურად უცხადებს, რომ მე არ მოვალ თქვენთან წირვაზე, არ დავდგები. რანაირი წესია, სადაური წესია, ვერ ვგებულობ. მოდიფიცირებული ეკლესიურობა არის, მოდიფიცირებული ახალი მრევლი, თუ რა ხდება, ვერ ვუძებნით ახსნას.

მესმის, რომ პროტესტია, პროტესტის აღმოსაფხვრელად და მოსაგვარებლად არის იქ ჩასული მღვდელმთავარი. მესმის, რომ მეუფე პეტრე მის მრევლს უყვარს, იქ ნაღვაწი აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის ექვსი წარმომადგენელი. ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.