ნიკოლოზ სამხარაძე - მედიატორის მოთხოვნა იყო, რომ დოკუმენტზე ყველას მოეწერა ხელი, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმოწერამაც აზრი დაკარგა
ძალიან კარგი, თუ ფონ კრამონმა ეს განცხადება გააკეთა, მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ იქ იყო დადებული ასეთი პირობა, ამ შეთანხმებას ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ, როდესაც გამოჩნდა, რომ იქ მყოფი პარტიებიდან უდიდესი უმრავლესობა არ აწერდა ხელს, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმოწერამაც აზრი დაკარგა, მარტო ჩვენ ხომ არ მოვაწერდით ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მედიატორის მოთხოვნა იყო, რომ დოკუმენტზე ყველას უნდა მოეწერა ხელი.
„მედიატორის მოთხოვნა იყო, რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი, სხვანაირად აზრი არ ექნებოდა ხელის მოწერას. მედიატორი ჩვენ თუ მოგვთხოვდა, რომ აი, იქნებ თქვენ მოაწეროთ, პარტია „მოქალაქეები“ აპირებდა ხელის მოწერას, „გირჩიც“ აპირებდა, თვითონაც ხომ თქვეს, ვაპირებდითო, ანუ მარტო სამი პარტიის მხრიდანაც ხელის მოწერა აზრს უკარგავდა, ძალას უკარგავდა ამ დოკუმენტს. თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის მოწერა ამ დოკუმენტს კიდევ გამოაცოცხლებს, კი ბატონო, მობრძანდნენ ოპოზიციონერები და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა და პირველი ნაბიჯები გადადგას.
„ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ იმავდროულად ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი. ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.