მიშო ჯავახიშვილი - როგორც ევროვიზიის 2022 წლის კონკურსის ეროვნული ჟიურის წევრი, ვაცხადებ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმების საბოლოო შეფასებაში ჟიურიმ უმაღლესი ქულა მიანიჭა უკრაინას
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ეროვნული ჟიურის ერთ-ერთი წევრი მიშო ჯავახიშვილი უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
მისი განცხადებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საბოლოო შეფასება ევროვიზიის ხმების დათვლის სამსახურში გენერალური რეპეტიციის დასრულებისთანავე გადაიგზავნა და საბოლოო შეფასებაში დაფიქსირებული არის ჟიურის უმაღლესი ქულა.
მიშო ჯავახიშვილის განმარტებით, ეს ქულა ჟიურიმ მიანიჭა უკრაინას და შეფასება დამოწმებულია ნოტარიულად.
„მინდა, გამოვეხმაურო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნის – უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებულ არსებულ გაურკვევლობას. წესების თანახმად, ფინალური ტურის წინ – ვაზუსტებ, ტური, რომელიც გადაიცემა ევროვიზიის მონაწილე ყველა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით.. წინა დღეს, ტარდება გენერალური რეპეტიცია, სადაც მონაწილეები გადიან სრულ აუდიო და ვიზუალურ რეპეტიციას – ვაზუსტებ, სრულდება ყველაფერი პირდაპირი ეთერის რეჟიმში.
გენერალურ რეპეტიცია გადაიცემა დახურულ ფორმატში, ამ რეპეტიციას უყურებს კონკურსში მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებში შეკრებილი 5 წევრისგან შემდგარი ეროვნული ჟიური, რომელიც ფინალში მონაწილე ქვეყნებს აფასებს ქულების მიხედვით. ეს შეფასება არის დახურული და ვერავინ ზემოქმედებს ჟიურის წევრების პირად გადაწყვეტილებაზე.
როგორც ევროვიზიის 2022 წლის კონკურსის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მხრიდან დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წევრი ვაცხადებ, რომ საბოლოო შეფასება, საქართველოს საზოგადოებრვი მაუწყებლის მხრიდან გადაგზავნილ იქნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმების დათვლის სამსახურში გენერალური რეპეტიციის დასრულებისთანავე და საბოლოო შეფასებაში დაფიქსირებული არის ჟიურის უმაღლესი ქულა და ეს ქულა ჟიურიმ მიანიჭა უკრაინას! შეფასება დამოწმებულია ნოტარიულად!
მოგეხსენებათ, მაუწყებლის მხრიდან კონკურსის ფინალში, შეფასებების ნაწილში ერთვება საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს, თუ ვინ მიიღო ჟიურის უმაღლესი ქულა. ეს ჩართვა ვერ მოხდა ევროვიზიის კონკურსის ტექნიკური სამსაუხირს მხრიდან, ამიტომ ქულა, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში შეკრებილი ეროვნული ჟიურის მხრიდან და ასახულია 6 ქულა უკრაინისთვის, არის მცდარი. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და იტალიაში მყოფი საქართველოს დელეგაცია ამ საკითხს არკვევს და იმედია, უმოკლეს დროში ეს უხერხულობა მოგვარდება.
ვულოცავთ ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მომავალ წელს ევროვიზია 2023 ჩატარდება უკრაინაში და იქ არ იქნება არც ერთი რუსული ტანკი და რუსი ჯარისკაცი. დიდება და გამარჯვება უკრაინას!“, – წერს მიშო ჯავახიშვილი.
იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. კონკურსის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.