მიშელ უელბეკი - აღფრთოვანებული ვარ მწერლებით, რომელთა ნაწარმოებებსაც ძლიერი შესავალი და დასასრული აქვს, ამიტომ ვარ მეც როკვარსკვლავი
აღფრთოვანებული ვარ მწერლებით, რომელთა ნაწარმოებებსაც ძლიერი შესავალი და ასევე, ძლიერი დასასრული აქვს, ამიტომაც ვარ მეც როკვარსკვლავი, – ამ სიტყვებით ახსნა თავისი წარმატება ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, მიშელ უელბეკმა, რომელიც დღეს რუსთაველის თეატრში ქართველ მკითხველს შეხვდა.
შეხვედრაზე მწერალმა საკუთარ რომანებზე, ბავშვობასა და საყვარელ ავტორებზე ისაუბრა.
„პასკალის წაკითხვის შემდეგ, ადამიანებს ჩონჩხებად ვხედავდი, რომელთაც ხორცი ჰქონდათ გარედან შემოხვეული, თუმცა მე არ შემიწყვეტია პასკალის კითხვა“, – აღნიშნა უელბეკმა.
შეხვედრა მკითხველებთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მწერალმა მკითხველების შეკითხვებსაც გასცა პასუხი და ავტოგრაფები დაარიგა.
მიშელ უელბეკი საქართველოში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მსგავსი პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდა და ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.