მიშა მშვილდაძე - პოლიციელებო, დღეს არის წყალგამყოფი, ჩვენ შეგვიძლია, გაპატიოთ ყველაფერი, რაც დაგიშავებიათ, და ბევრი დაგიშავებიათ, ბიჭო, მაგრამ დღეიდან თუ გააგრძელებთ ჩვენს დაპატიმრებას, დედას გიტირებთ
პოლიციელებო, დღეს არის წყალგამყოფი, ჩვენ შეგვიძლია, გაპატიოთ ყველაფერი, რაც აქამდე დაგიშავებიათ და ბევრი დაგიშავებიათ, ბიჭო, მაგრამ დღეიდან თუ გააგრძელებთ ჩვენს დაპატიმრებას, ძალადობას, დედას გიტირებთ, – ამის შესახებ რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაზე „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა.
მშვილდაძის თქმით, პოლიციელებს ატყუებენ, თითქოს მათ საქართველოში ომი უნდათ და რამე რომ მოხდეს, დაიმალებიან, ხოლო პოლიციელებს მოუწევთ ომი.
„მინდა, მივმართო პოლიციას, პოლიციავ, 2019 წლის 8 ივლისს აქ იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ღამე, ე.წ. ორკების ღამე ერქვა მას. აქ, ალყაში ვიყავით რამდენიმე ადამიანი, ეს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ პოლიცია იდგა გარშემო და 12 კაცს გვიფრთხილდებოდნენ მთელი ღამე ამ ორკების შემოტევისგან. პოლიციელები შიდა საუბარში გვეუბნებოდნენ, რომ ისინი ჩვენკენ იყვნენ, რადგან რუსეთისკენ ვერ იქნებოდნენ.
პოლიციელებო, დღეს არის წყალგამყოფი, ჩვენ შეგვიძლია, გაპატიოთ ყველაფერი, რაც აქამდე დაგიშავებიათ და ბევრი დაგიშავებიათ, ბიჭო, მაგრამ დღეიდან თუ გააგრძელებთ ჩვენს დაპატიმრებას, თუ გააგრძელებთ ძალადობას, დედას გიტირებთ, ამას იქით არ მიდის და ნუ გეშინიათ, ჩვენი ხართ თქვენ. თქვენ გატყუებენ, რომ ჩვენ აქ ომი გვინდა და ვითომ რამე რომ მოხდეს, ჩვენ დავიმალებით და თქვენ მოგიწევთ ომი.
ჯერ ერთი, უკრაინის მაგალითმა თუ რამე გვასწავლა, გვასწავლა ის, რომ რუსეთთან ომი თუ იქნება, უნდა ვიომოთ ყველამ, მთელმა მოსახლეობამ და თქვენ, ბიჭო, პოლიციავ, იარაღის ხმარება მაინც იცით, ჩვენ, დანარჩენებმა რა ვქნათ, ორდღიანი კურსით რომ წამოვალთ ფრონტის ხაზზე თქვენს გვერდში დასადგომათ. არ გვეშინია ჩვენ და ნუ გეშინიათ თქვენც. იმ ფორმას, რომელიც გაცვიათ, მხოლოდ სირცხვილი არ ახსოვს, თავგანწირვაც ახსოვს, ღირსებაც, გადარჩენილი მოქალაქეებიც, ახსოვს სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლიც და მაგ ფორმას აქვს თავისი ღირსება, რაც გაიძულებთ, რომ გაუფრთხილდეთ მას“, – განაცხადა მშვილდაძემ.
მიშა მშვილაძე ამბობს, რომ „უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი და ღარიბაშვილი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.