მიშა მშვილდაძე - გვინდა, რომ მაქსიმალურად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პროტესტის დღეები
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები პერფორმანსებს აგრძელებენ. დღეს მათ თოქშოუს ფორმატი აირჩიეს, რომლის პირველი სტუმარიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი იყო. აღნიშნული თოქშოუს წამყვანმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ არჩეული ფორმატი მიწვეული სტუმრებისგან მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
„სტუმრად გვყავდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. ვფიქრობ, დღეს ბევრ იურიდიულ დეტალში გაგვარკვიეს. ჩემთვის ახალი იყო, რომ თურმე, გვქონია კონკრეტული მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს სახელმწიფო შენობის ბლოკირებას ან დროებით დაკავებას, თუმცა მაინც ცდილობენ, გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით წაიყვანონ“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მისი თქმით, ცდილობენ, პროტესტის დღეები საინტერესო გადადონ.
„ვფიქრობთ, დღევანდელი დღე განსხვავებული და საინტერესო იყო. გვინდა, რომ მაქსიმალურად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პროტესტის დღეები. ვიცით, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რადგან მოთხოვნა არის სამართლიანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიშა მშვილდაძემ.
პროტესტის 28-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და საზოგადოებას სხვადასხვა მწერლების წიგნების შეძენა შეეძლება. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა უცვლელი რჩება, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.