მირზა სუბელიანი - გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან კამერაში ნარდის სათამაშოდ და ვერ გავიგე, მე რატომ ვარ „იზგოი“
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც თითქმის სამსაათიანია, სავარაუდოდ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს, ვიქტორ ჯაფარიძესა და დავით ცუხიშვილს შორის დიალოგებია დაფიქსირებული. ამასთან, სავარაუდოდ, ჩაწერილია მირზა სუბელიანის საუბარი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან. პროკურატურის ცნობით, ჩანაწერი 2018 წლის 10 სექტემბერსაა გაკეთებული.
პროკურატურის ვრცელ ჩანაწერში ამ დრომდე მედიით გავრცელებული საუბრის მონაკვეთებისაგან განსხვავებული თემებიც არის მოხვედრილი.
ჩანაწერის თანახმად, მირზა სუბელიანი თავს პოლიტპატიმარს უწოდებს. ის ამბობს, რომ 24-საათიანი მეთვალყურეობა ადამიანს აგიჟებს.
„ყველა დავიარე აქ, არავინ არ შეგესაბამება, არც ენით შეგესაბამება – მერე იტლიკინებს, არც ამით შეგესაბამება. ერთადერთი, თუ დაიჭერენ ქუმსიშვილს და იმას თუ მომისვამენ გვერდით და ჯანელიძეს, კი ბატონო, მივხედავ აქეთ კიდევ, თორემ აქ დანარჩენი არავინაა, გვერდით რომ დამიჯდეს ისეთი“, – აღნიშნულია ჩანაწერში.
ჩანაწერის თანახმად, მირზა სუბელიანი განაწყენებულია იმით, რომ ცუდ პირობებში იმყოფება, წინა ხელისუფლების დროს პოლიტპატიმრებისთვის განკუთვნილ საკანში ზის, რაც მის ფსიქიკაზე მოქმედებს.
ჩანაწერის თანახმად, მირზა სუბელიანი იხსენებს სასჯელაღსრულების უწყებაში მუშაობის პერიოდს და ამბობს, რომ გიგი კალანდაძე ნარდის სათამაშოდ თავად შეჰყავდა ბაჩო ახალაიასთან.
„გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან კამერაში, იჯდნენ და ნარდს თამაშობდნენ და ვერ გავიგე, მე რატომ ვარ „იზგოი“, – აღნიშნულია ჩანაწერში.
ამასთან, ჩანაწერში ის ამბობს, რომ თანამშრომლების 90 პროცენტი მისი მუშაობის პერიოდში „დაფერთხილი“ ხალხია უკან მიბრუნებული, რომლებიც ცდილობენ, ის მაქსიმალურად „ჩაკეტონ“.
„წარმოიდგინე, ეს ჩემთვის რა არის. ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ჩაგკეტოს“, – აღნიშნულია ჩანაწერში.
ჩანაწერში ასევე ნახსენებია ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც, მირზა სუბელიანის თქმით, მას „სძირავს“.
პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც უწყებამ გაავრცელა, მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
გარდა ამისა, სუბელიანი ჩანაწერში კითხულობს ლექსს, საუბრობს სვანეთის განვითარებაზე, ცხენების მოშენებაზე.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, კვლავ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.