მირზა ნოზაძე - მთავრობის განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, ვკითხულობთ, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება
მთავრობის განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, ვკითხულობთ, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილებს მთავრობის გადაწყვეტილებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ხელოვნურად დეესკალაციას.
„ჩვენ ვნახეთ მთავრობის განცხადება, სადაც ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ის ცდილობს პროტესტის ორგანიზატორების მოთხოვნები უგულებელყოს, გადავიდეს ისევ იგნორის პოზიციაში. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. ანუ ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობდა უმნიშვნელოვანესი აღიარებიდან. შესაბამისად იმ განცხადებაში, რომელიც თითქოს ხელისუფლების შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, ვკითხულობთ, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს პროტესტის დეესკალაცია არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად.
დღეს ჩვენ გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აუცილებლად ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან იმ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.