მირიან წიკლაური - სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, პირადად მე მხარს დავუჭერ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სიამოვნებით დაუჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
როგორც მირიან წიკლაური აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პატრიოტი, გამოცდილი პოლიტიკოსია.
„არ შემიძლია გუნდის სახელით ვილაპარაკოთ, თუმცა დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რადგან სალომე ზურაბიშვილი ტრადიციულ ქართულ ოჯახშია გაზრდილი. მან არათუ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც შეინარჩუნა თავისი ეროვნული საწყისები და რამდენადაც ვიცი, მის მამას გარდაცვალებამდე არ ჰქონდა მიღებული საფრანგეთის მოქალაქეობა. თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევდა. მსგავს რაღაცებს ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, ასევე, სალომე ზურაბიშვილი იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო დონეზე.
„სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის იყო საქართველოს პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კარგი სამსახური ჰქონდა, ჩამოვიდა საქართველოში, იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. არის გამოცდილი პოლიტიკოსი. პირადად მე, მას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება და შესაძლოა, სწორედ მას დაუჭიროს მხარი „ქართულმა ოცნებამ“.