მირიან წიკლაური - მარიხუანას კანონპროექტის გაწვევის პერსპექტივა არსებობს, თუმცა ეს საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური მთავრობას მოუწოდებს, მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკან გაიწვიოს.
როგორც პირველ არხს წიკლაურმა განუცხადა, კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის პერსპექტივა არსებობს და ეს საზოგადოების აქტივობაზეა დამოკიდებული.
„მომხრე ვარ, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან იყოს გაწვეული. ამის პერსპექტივა არსებობს, თუმცა ეს საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება აქტიურ პოზიციას დაიკავებს, ცხადია, პარლამენტი ამომრჩევლის ნების შემსრულებელი იქნება. ამომრჩევლის ნება გამოხატულია იმ მოთხოვნაში, რომელიც წუხელ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააჟღერა.
მართლმადიდებულური ეკლესია მარტო არ არის, იგივე აზრს მუსლიმანური თემიც იზიარებს. დარწმუნებული ვარ, სხვა ტრადიციული მრევლი მსგავსი აზრისაა, თუ რომელიმე საწინააღმდეგო აზრი არსებობს, ეს ახლად დაბადებული ეკლესიაა, რომლის წინამძღოლი ზურაბ ჯაფარიძეა“, – განაცხადა წიკლაურმა.
მირიან წიკლაური ამბობს, რომ საქართველოში კანაფის კულტივაციის წინააღმდეგი უმრავლესობის ბევრი წევრია.
„არიან დეპუტატები, რომლებსაც აზრი საჯაროდ არ გამოუთქვამთ, მაგრამ ჩემს პოზიციას იზიარებენ. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განუზომლად დიდია, თუმცა გადაწყვეტილებას დეპუტატები იღებენ და იმაზე უფრო დიდი ფაქტორი არ არსებობს, ვიდრე ამომრჩევლის ნებაა. რაც შეეხება ამ საკითხის გამო უმრავლესობის დაშლას, ამას მომავალი გვიჩვენებს, ახლა ამის პროგნოზი ძნელია. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.
იმედია, პოზიციების შეჯერება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება, რაც საზოგადოების ნებას გამოხატავს“, – აღნიშნავს წიკლაური.
დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის მთავრობის მხრიდან აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში შეტანა მოულოდნელი იყო.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი სხვა არასასურველი გადაწყვეტილება მიუღია, აღნიშნული საკითხის განხილვას არც არავინ გვავალდებულებდა, მაგრამ ალბათ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ამ საკითხის შემოტანის დრო დადგა. ამას არ ვეთანხმები და იმედია, ეს პროცესი ისეთ მიმართულებას მიიღებს, რაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღებია. რაც შეეხება ეკლესიის ძალას, წესით, ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რადგან იმის არ დანახვა, რაც აშკარაა, უბრალოდ თვალებზე ლიბრის ახვევაა“, – განაცხადა წიკლაურმა.