მირიან ნიკოლაძე - მეჩვენება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში
მირიან ნიკოლაძე - მეჩვენება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათთვის საქმეზე პირველივე დღიდან ძირითადი და წამყვანი ვერსიაა, რომ მოხდა განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების მოლოდინშია. ამის გასამყარებლად კი, ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.

გარდა ამისა, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ დაკითხული მოწმეები გამოძიებასთან არ არიან გულწრფელნი.

„პირველივე დღიდან, ძირითადი და წამყვანი ვერსია ჩვენთვის იყო გიორგის განზრახ მკვლელობა. თუკი ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა მოგვცემს გასაქანს, რომ კატეგორიულ ფორმაში ვიმსჯელოთ, იმავე დღიდან და წუთიდან ოჯახი დააყენებს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შემდგომი წარმოების საკითხს. რა თქმა უნდა, მე ვვარაუდობ იმას, რომ გაიზრდება სიმძიმე კვალიფიკაციისა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალოს კვალიფიკაცია, რადგან ეს იქნება სიმართლის დადგენა. დაკითხული პირები რომ იყვნენ გულწრფელი, ჩვენ ექსპერტიზას დაველოდებოდით, როგორც მეორად მოვლენას და ამით კიდევ უფრო გამყარდებოდა ის, რაც ჩვენებებით იქნებოდა დადგენილი. მე მეჩვენება, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.