მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე 15-დან 25 ოქტომბრამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, შეზღუდვის მიზეზი ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებია.
„პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.