მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე მასშტაბური საგზაო სამუშაოები იწყება
მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
„მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სადაც შესაძლებელია, რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლები მოვაწყოთ. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები იწარმოებს ღამის განმავლობაში – 00:00-06:00 საათამდე, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით. აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შექმნილი დისკომფორტის გამო, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
„მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო დისკომფორტისთვის, რასაც, რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება იწვევს. ჩვენ მიზანმიმართულად ავირჩიეთ ეს პერიოდი, რადგან ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქიდან ბევრი ადამიანი გადის. შესაბამისად, მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ამ პერიოდშია მიზანშეწონილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.