მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ
ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა და შუბლის არეში ჭრილობა მიაყენა.
მისი ინფორმაციით, დიასამიძეს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად, ბათუმიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ აქციაზე მიდიოდა.
მისი განცხადებით, თავდამსხმელი რუსულად საუბრობდა. ამასთან, ქამადაძე ეჭვობს, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პროვოკაცია იყო.
„ის იყო რუსულენოვანი ადამიანი. რუსულად საუბრობდა, რუსულად მიმართავდა და აგინებდა ჩვენს მეგობრებს. ასე რომ, ის იყო რუსი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ზუსტად არ ვიცი. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პროვოკაციასთან. ის, რომ ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ნიშნავს, რომ სუს-ი არ იდგეს მის უკან, ამიტომ პასუხები გვჭირდება.
ოფისიდან ჩვენი აქტივისტები მანქანით დაიძრნენ შეკვეთილისკენ. გზად საეჭვოდ ჩაუდგა სხვა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს არ ატარებდა. მოახერხეს გვერდი ავლა და მოუწოდეს, ნუ არღვევდა მოძრაობის წესებს. ამის შემდეგ აღნიშნული ავტომობილი კვლავ ჩაუდგა მათ და არ გაატარა. იქიდან გადმოვიდა ერთი პირი, რომელიც რუსულად იგინებოდა, გიორგი დიასამიძეს კი, შუბლის არეში დაარტყა, მას ჭრილობა აქვს“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მისი თქმით, დიასამიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
„იმდენად საეჭვოდ ვითარდებოდა მოვლენები, სავარაუდოდ პროვოკაციაა. პროვოკაციული ქმედების უკან კი, დგას სუს-ი. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მიდიოდნენ აქციაზე შეკვეთილში და მოაწყვეს პროვოკაცია. ავტომობილი ქართული ნომრებით იყო“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ჩატარდა გამოიკითხვები.