მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა
მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა.

ქამადაძე ვარაუდობს, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, უბნებიდან ერთიანად ამდენი არაპარტიული საარჩევნო მოხელის წასვლა კითხვებს აჩენს.

„თანამდებობები დატოვა ორმა თავმჯდომარემ, ოთხმა მოადგილემ და სამმა მდივანმა. ყველა უბანზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებზე ხორციელდება ზეწოლა. ამას სხვა ახსნა არ გააჩნია, რადგან მეორე ტურამდე ხდება. ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ გააკეთოს განმარტება“, –  განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ქადამაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 200-ზე მეტი წევრია, მათგან 21 კი, მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ მეორე ტურის ჩატარება გათვლილი არ ჰქონდათ.

„სულ 21 წევრი წავიდა. მათ განცხადებებით მოგვმართეს და არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ. კომისიის 1 200-ზე მეტი წევრია, რა გასაკვირია, რომ ამხელა რაოდენობაში რამდენიმეს არ ჰქონდა გათვლილი მეორე ტურის ჩატარება და ვერ მოახერხებს მოვალეობის შესრულებას“, – აცხადებს ციალა შავაძე.