მირდატ ქამადაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეულ ადამიანებს თურმე ძალაუფლების და გავლენების მოპოვების ინტერესი ჰქონიათ, თორემ პარტიის გაძლიერებაზე არცერთი წამით არ უფიქრიათ
პარტიაში გარკვეულ ადამიანებს თურმე ძალაუფლების და გავლენების მოპოვების ინტერესი ჰქონიათ, თორემ პარტიის გაძლიერებაზე არცერთი წამით არ უფიქრიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ამოცანა თუ პარტიის გაძლიერებაა, ყველამ კარგად იცის, ბათუმის საკრებულოს რა შემადგენლობა ჰყავს, 2020-2021 წლის არჩევნების შემდეგ აქ რა დონის ზეწოლა და შანტაჟი გადაიტანეს ამ ადამიანებმა. ჩვენ ერთი თანამებრძოლი, ნუგზარ ფუტკარაძე დავკარგეთ კიდეც. ამ ადამიანებმა, რომლებიც არ გატყდნენ, არ გაიყიდნენ და ბოლომდე პრინციპულად იდგნენ, გადაწყვიტეს, ფრაქციის თავმჯდომარე ყოფილიყო ნოდარ დუმბაძე და ვიღაცებს ეს არ მოსწონთ. იმიტომ, რომ ეს მათ პირად ინტერესებს, გავლენებს და პარტიაში ერთპიროვნულ ძალაუფლებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ქამადაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტს თავისი ამომრჩევლისთვის სამი მთავარი დაპირება ჰქონდა – მიხეილ სააკაშვილის დახსნა, უწყვეტი საპროტესტო აქციები და ორმოცდაათი ახალი ოფისის გახსნა, მაგრამ სამი თვის თავზე სამივე მიმართულებით კრახი განიცადა.
„ადამიანები, რომლებმაც საკუთარ ამომრჩევლებს ეს სამი მთავარი დაპირება მისცეს, ამ დაპირებებს ვერ ასრულებენ და, ბუნებრივია, ახლა უნდათ, თემა შეიცვალოს, რომ ამომრჩეველთა უხერხულ შეკითხვებს გაექცნენ. იმ უხერხული მდგომარეობისგან უნდათ გაქცევა, რომელშიც თავად ჩაიგდეს თავი. ოღონდ შიდაპარტიული არჩევნები ნებისმიერ ფასად მოეგოთ, ისეთ თემებზეც კი ისპეკულირეს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, შევვარდებით, გამოვიხსნით და ა.შ.“, – განაცხადა ქამადაძემ.
მირდატ ქამადაძემ ასევე აღნიშნა, რომ ნოდარ დუმბაძის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა ლევან ხაბეიშვილისგან არ მოდიოდა, თუმცა ის ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო.
„ამაში ჩართული არიან აჭარის ორგანიზაციის ოფისი, მათ შორის, პარლამენტის წევრები და ა.შ. მეტი დეტალები აღარ გვინდა, მე სახელ-გვარებზე არ ვსაუბრობ“, – განაცხადა ქამადაძემ.
როგორც ქამადაძემ აღნიშნა, თუ ვინმეს პარტიაში კრიზისის განმუხტვა სურს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს არსებული პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების სრულად ანულირება და მოხდეს ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენა, რადგან ის ათი ათასმა დელეგატმა აირჩია, გადარჩევა კი 250 დელეგატით მოხდა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დგას თუ არა პარტიაში დღეს ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მათ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ არასდროს არ დაუყენებიათ, მაგრამ არალეგიტიმურია პოლიტსაბჭო, რომელიც მიტაცებული აქვს ლევან ხაბეიშვილს და მის უკან მდგომ ადამიანებს, რადგან ხალხმა პარტიის თავმჯდომარე აირჩია და არა – პოლიტსაბჭო.
„არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას, თუმცა 9 აპრილის აქციით თუ ვიმსჯელებთ, ამომრჩეველმა ერთგვარი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკვე. ეს აქცია ამის მანიშნებელი იყო, ჩემი აზრით და შეფასებით. თუ ხაბეიშვილი და მის უკან კულისებში მდგომი ადამიანები ამ მეთოდებით გააგრძელებენ პარტიის მართვას, ბუნებრივია, დადგება ეს საკითხი და ამას ამომრჩეველი მოითხოვს“, – განაცხადა ქამადაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ერევა თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დავით კეზერაშვილი პარტიის შიდა საქმიანობაში, რადგან მელიას ფრთა სწორედ კეზერაშვილს აცხადებს პარტიის არაფორმალურ მმართველად, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესებს კულისებიდან მართავენ მერაბიშვილი, კეზერაშვილი და აჭარის რეგიონში – ვარშალომიძე.
შეკითხვაზე, „ბიბისის“ ფილმის შემდეგ ხომ არ გააქტიურდა ხელახალი არჩევნების თემა, როგორ აისახება ეს ფაქტი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობის იმიჯზე, ქამადაძემ აღნიშნა, რომ „ბიბისი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებაა და როდესაც ამხელა სკანდალშია გახვეული ადამიანი, რომელიც დღეს უკვე პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები გამოძიების დასრულებამდე მისგან ბოლომდე უნდა დისტანცირდნენ.
შეკითხვაზე, ელოდებიან თუ არა ნიკა მელიას მხარდამჭერები ცალკე ოფისის გახსნის გამო მის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას და მოსალოდნელია თუ არა მელიას პარტიიდან გარიცხვა, ქამადაძემ განაცხადა, რომ ხალხისგან, ვინც მათ ოფისის გახსნის გამო სუს-ის შტატიან აგენტებს და სეპარატისტებს უწოდებს, გამორიცხული არაფერია.
„იმედს ვიტოვებ, ამ ადამიანებს კეთილგონიერება ეყოფათ და ასეთ სისულელეს არ ჩაიდენენ“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.