მირდატ ქამადაძე - ხაბეიშვილის უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვარშალომიძე, ამ ადამიანებს კი წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას
ნიკა მელიას მხარს ვუჭერთ, რათა ამ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვას პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის უკან, კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია.
„რა დროს არჩევნებია, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს, ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დასვა კითხვა: რატომ ნიკა მელია? ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, და მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და უარი ეთქვას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები“.
ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები მხარს უჭერენ ნიკა მელიას.
„პარტიაში არჩევნები აღარ გადაიდება, შესაბამისი ფეისბუქლინკი გამოქვეყნდა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ღიად არ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, მაქსიმალურად ნეიტრალურები ვყოფილიყავით, არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და გადაწყვეტილება იყო მისაღები. გადაწყვეტილება მივიღეთ და მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას. მას მხარს უჭერს ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადსხვა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები. აჭარის ორგანიზაციაში იქმნება ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა კირთაძემ.