მირდატ ქამადაძე - ჯარიმა მაღალია, მაგრამ თავისუფლება უფრო ძვირია, ვაპირებთ, 22:00 საათის შემდეგაც აქ ვიყოთ
პირადად მე ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები და ვაპირებთ დღეს, 22:00 საათის შემდეგაც აქ ვიყოთ, – ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები არ ემორჩილებიან გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და პროტესტს განაგრძობენ.
„მადლობა ამ მხნედ დგომისთვის და გაუტეხელებისთვის. როგორც ვიცით, თავისუფლებისთვის ბრძოლას, იმ მოპარული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლებამ 1 000 უკანონო მეთოდი დაუპირისპირა, მათ შორის ერთ-ერთი არის 22:00 საათზე შემოღებული კომენდანტის საათი, რომელიც წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას „კოვიდთან“ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს. ამ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, არც ერთ მათგანს არ განუმარტავს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ უზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებას. თუ „კოვიდი“ გუშინ, 22:00 საათის შემდეგ არ იყო საშიში, დღეს რატომ ხდება საშიში? აქედან გამომდინარე, ჩვენ გუშინაც და დღესაც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ პირადად მე, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები და ვაპირებთ, დღეს, 22:00 საათის შემდეგაც აქ ვიყოთ.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ბევრი ადამიანი ამ განწყობით რჩება აქ და არ ემორჩილება ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. თითოული ჩვენგანი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. თუ თქვენი გადაწყვეტილებით ზიანი არ ადგება სხვას, არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს თქვენს გადაწყვეტილებაში. აქედან გამომდინარე, არც ხელისუფლებას აქვს უფლება ჩაერიოს – როდის შეხვალთ სახლში ან გამოხვალთ, არც მე მივცემ უფლებას საკუთარ თავს, რომ დარჩეთ აქ, თუ წახვიდეთ, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ. მართალია, ჯარიმა მაღალია, 2 000-ლარიანი, მაგრამ თავისუფლება უფრო ძვირია. თუ ჩვენ დავთმობთ თავისუფლებას, აუცილებლად დაგვიწესებენ დიდ რეგულაციებს“,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.