მირდატ ქამადაძე - ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ, ბათუმელები ამას არ იმსახურებდნენ
ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აჭარაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს მმართველ გუნდის არაეფექტიან მუშაობას უკავშირებს და ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ სურვილი გამოთქვა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულების ნაწილს.
მას მიაჩნია, რომ დაკავების აუცილებლობა არ არსებობს.
„ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ. ბათუმელები არ იმსახურებდნენ ამას. აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რაც შეეხება ამ რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან მახინჯი სისტემის მსხვერპლი, მე, საკრებულოს წევრი ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პირადად ვიღებ ამ ადამიანებზე ვალდებულებას და ვუდგები ნაწილს თავდებად“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ამასთან, როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველა შედეგებს უნდა დაელოდოს.
„ვინ არის დამნაშავე ან უდანაშაულო, ამის შესახებ დაველოდოთ გამოძიებას. მადლობა ღმერთს, დადგა დრო, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთათვის კანონი უზენაესია და ერთი და ორი ადამიანის ხუშტურებით არ იმართება ქვეყანა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ.
აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.