მირჩა ჯოანა - ვიცი, ქართველ ხალხს სურს, იყვნენ დემოკრატიული, ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი მიმართულებით განავითარებს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორიას
მინდა, გითხრათ ერთი რამ, ვიდრე რუსეთის ომი დაიწყებოდა უკრაინაში, საქართველო იყო და ახლაც რჩება ყველაზე ძლიერ შესაძლებლობების პარტნიორად, რომელიც ნატო-ს ჰყავს, სხვა არცერთ პარტნიორთან, გარდა უკრაინისა, ჩვენ უფრო მეტს არ ვაკეთებთ, ვიდრე თქვენთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში განაცხადა.
მირჩა ჯოანას თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი მიმართულებით განავითარებს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორიას.
„თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იყავით რეფორმების ჩემპიონები, არა მხოლოდ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. თქვენ უკეთესად აკეთებთ ამ საქმეს, ვიდრე ევროკავშირის თუ ნატო-ს ბევრი მოქმედი წევრი ქვეყანა. ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული. გააგრძელეთ რეფორმები, შეინარჩუნეთ ეს გეზი. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, იყვნენ დემოკრატიული, ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი, თუმცა მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ თქვენ პოლიტიკური რეკომენდაციები მოგცეთ, მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თუ თქვენი სურვილია თანამშრომლობა გაააქტიუროთ ამ კუთხით, შეზღუდულები არ ხართ, მაგრამ ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა და იმედი მაქვს, ამ გზავნილს წაიღებთ თბილისში და გაააქტიურებთ ჩვენს უკვე ისედაც მტკიცე პარტნიორობას“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.