მირჩა ჯოანა - ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდება
ჩვენ ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ ომში, რადგან უკრაინის წარმატება დასავლეთის წარმატებაა.
„ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ნიშნავს ესკალაციას, ხაზის გადაკვეთას, რასაც შედეგები მოჰყვება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ დაშინების ომის მოწმენი. ჩვენ ადგილზე ვერ ვხედავთ რუსეთის სამხედრო განზრახვას, რომ მიაღწიოს ესკალაციის ასეთ დონეს“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მოლდოვის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
„მოლდოვას დასავლეთთან შეერთების რეალური პერსპექტივა აქვს. რუსეთმა ეს იცის და ცდილობს მის დაბლოკვას. არა სამხედრო ძალით. მაგრამ რუსეთმა, ისევე როგორც მონტენეგროში 2016 წელს სცადა, ჰიბრიდული ომის მთელი არსენალი მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ აამოქმედა. ჩვენ ყველას გვაქვს ინტერესი, რომ მოლდოვამ წინააღმდეგობა გაუწიოს. მოლდოვის მოქალაქეების ინტერესია, შეუერთდნენ აყვავებულ, დემოკრატიულ და ცივილიზებულ ევროპას და არ დარჩნენ ნაცრისფერ ზონაში“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.