მირანდა მესხი - კანონი არ დამირღვევია, ვინაიდან არჩევნები რიგგარეშეა და 107 უბანზე ტარდება, სიები ეტაპობრივად გაიცემა
ვინაიდან არჩევნები რიგგარეშეა და 107 უბანზე ტარდება, სიები ეტაპობრივად გაიცემა. როგორც კი ვიღებთ ცესკოდან სიებს, გავცემთ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, – ამის შესახებ ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა „ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც მას არცევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გაცემული იყო დაახლოებით 65 საარჩევნო უბნის სია.
ამასთან, როგორც მესხი ამბობს, გამჭვირვალობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ უბნებიდან, სადაც სიები გაგზავნილი იყო, უკან მობრუნდა.
„როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ჩვენ დამკვირვებლებთან, წარმომადგენლებთან, ოლქის წევრებთან შეთანხმებით შევწყვიტეთ ამ სიების გადაცემა, ზუსტად გამჭვირვალობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით დარეკილი იქნა იმ უბნებისთვის, სადაც გაგზავნილი იყო და უკან მობრუნდა. ამჟამად სხდომათა დარბაზში ამ სიების რაოდენობრივად დათვალიერება, გადათვლა მიმდინარეობს და კომისიის წევრების თანდასწრებით დაილუქება პოლიეთილენის პარკებში.
სია დალუქულ მდგომარეობაში არ გადაეცემა, არამედ ამომრჩევლის ბარათებთან ერთად პოლიეთილენის პარკებით ჩვეულებრივ დაფასოებული გაიცემა. დალუქულია რეგისტრატურის ბეჭდები, უბნის ბეჭედი და შესაბამისი მიღება ჩაბარების-აქტი, ყველა რეგისტრატურის ბეჭდის კოდი არის ფიქსირებული, ასევე ბიულეტენის ბლოკნოტები. სპეციალური კონვერტები, სამართლებრივი ინდივიდუალური ნომრის მქონე აქტები გაიცემა კანონმდებლობით არაუგვიანეს 12 საათისა”, – განაცხადა მესხმა.
მისივე თქმით, პროცედურა კანონის სრული დაცვით ხორციელდება.
„ვენ მოვითხოვეთ ამომრჩეველთა სიის სამაგიდო ვერსიების დაბრუნება და ამ სიებს გავცემთ ამ სამართლებრივ აქტებთან, ბიულეტენების ბლოკნოტებთან და სპეციალურ კონვერტებთან ერთად. დაცვის პოლიციის თანხლებით წავალთ და მიღება-ჩაბარების აქტებით ჩავაბარებთ. დილას, ეს დოკუმენტი და ინვენტარი ისევ მიღება-ჩაბარების აქტით დაცვის პოლიციისგან გადმოგვეცემა.
კანონი არ დამირღვევია. აღწერილობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმებს, ინდივიდუალური სამართლებრივი ნორმის მქონე აქტებს, რაც არის ბიულეტენების ბლოკნოტენები და სპეციალური კონვერტების დადგენილი რაოდენობა. ამ ყველაფერს და სამაგიდო სიებსაც გავცემთ ისევ კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა მესხმა.