მირანდა ერემაძე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დრო არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაძლებლობას
წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კანონმდებლობა მაქსიმალურად იყო მორგებული, რათა მოსამართლის უფლებამოსილება შეზღუდული ყოფილიყო, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის კითხვას, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეებზე ზეწოლა.
როგორც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ არც ერთ საქმეზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
„ყველა ჩემი გადაწყვეტილება მიღებულია შინაგანი რწმენის და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. შემიძლია ვისაუბრო იმ დროს სასამართლო სისტემაში რა პრობლემები იყო. სასამართლოს დამოუკიდებლობა მისი საკანონმდებლო გარანტიებით იწყება. იმ დროს ასეთი ვითარება იყო, იუსტიციის საბჭოში უმრავლესობაში პოლიტიკოსები იყვნენ. გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები არ გახლდნენ მოსამართლეები. რეორგანიზაცია ლიკვიდაცია სამსახურიდან მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი იყო. ქვეყანა წრეზე დადიოდა და ხელისუფლების ცვლილების შესაბამისად, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ხდებოდა მოსამართლეთა დაკომპლექტება. ეს გამოცდილება გავლილი გვქონდა. კანონმდებლობა მაქსიმალურად იყო მორგებული, რათა მოსამართლის უფლებამოსილება შეზღუდული ყოფილიყო. მათ შორის, ეს სისხლის სამართალში იგრძნობოდა, რაც ჩემი კოლეგებისგან ვიცი. პირდაპირ ვიტყვი, დამალული არ არის, რომ არსებობდა სპეციალური გაიდლაინები, რომ რაღაც სასჯელებთან მიმართებით მიდგომა მკაცრი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება, ყველა ადამიანები ვართ, ყველას უკან ოჯახია, რაღაც გარკვეული ვალდებულებებია და ეს ფსიქოლოგიური მომენტები გამორიცხული არ არის, იყოს საფუძველი, რომ იმოქმედოს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ერემაძემ.
მირანდა ერემაძე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დრო არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაძლებლობას.