ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტუდენტების დაახლოებით 9.5 პროცენტს კორონავირუსი გადატანილი აქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საკითხზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი არის სტუდენტებში. შესაბამისად, ამირან გამყრელიძემ სტუდენტებს ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 000-მდე სტუდენტია საქართველოში, აქედან ორჯერადად აცრილთა საშუალო მაჩვენებელი არის 17 პროცენტი, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა, რომ დასწრებული სწავლება იყოს, იაქტიურონ და მივცეთ მაგალითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტების 9.5-მდე პროცენტს კორონავირუსი გადატანილი აქვს.
„ამავე დროს, სტუდენტებში დაახლოებით 9.5 პროცენტს ინფექცია აქვს გადატანილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.