მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - შესაძლოა, გიორგიმ „მეცში“ ბოლო თამაში ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა სტუმრად „კლერმონთან“, ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და თავის გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა – 1:0.

შესაძლოა, ეს „მეცში“ მიქაუტაძის ბოლო შეხვედრა იყო, რადგან მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ყველაზე რეალურ ვარიანტად ფრანგულმა L’Équipe-მა ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაასახელა. თუმცა ნიდერლანდური გამოცემები დაინტერესებულთა შორის ამსტერდამის „აიაქსსაც“ ასახელებენ.

მიქაუტაძე „კლერმონთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმი დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა და უგოლოდ დასრულდა.

70-ე წუთზე გიორგიმ ანგარიში გახსნა. „კლერმონის“ მცველს ფეხი დაუცდა, მიქაუტაძემ ბურთი მოიპოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგის ანგარიშზე სამ შეხვედრაში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

3 ტურის შემდეგ „მეცი“ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.