ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, – ამის შესახებ პირველ არხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
საქმე ეხება საპატრიარქოს განცხადებას, სადაც მღვდელმთავრებს მოუწოდებენ, „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ.
„ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, სამი დღის წინ ბატონი ნიკა გვარამიასთვის ოფიციალური წერილით რომ არ მიგვემართა, სადაც ვთხოვდით, მიეღოთ ზომები, რათა სიცრუეზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ვიდრე არ გადაამოწმებდნენ. ვგულისხმობ თემას, როდესაც მათ თქვეს, რომ ჩვენ თითქოსდა მსოფლიო პატრიარქის წერილი დავმალეთ. ეს წერილი გავუგზავნე ბატონ ნიკა გვარამიას, ვაჩვენე, რომ ეს წერილი არსებობდა და 2008 წელს ჩვენ გვქონდა დაბეჭდილი მსოფლიო პატრიარქის წერილის შინაარსი.
ამის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელისგან ისევ ვისმენთ, რომ ჩვენ წერილი დავმალეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია. ველოდებოდით, რომ ტელევიზიის ადმინისტრაცია რეაგირებას იმავე დღეს მოახდენდა.
ტელევიზიის ხელმძღვანელს რატომღაც ჰგონია, რომ ეს წერილები იბეჭდება სადღაც სხვაგან. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან“, – განუცხადა პირველ არხს მამა მიქაელ ბოტკოველმა.
კითხვას, აცნობიერებს თუ არა საპატრიარქო თავის წილ პასუხისმგებლობას, რომ იმ აგრესიულმა ჯგუფმა, რომელიც ერთხელ უკვე მიიჭრა „რუსთავი 2“-თან და თავს დაესხა ჟურნალისტებს, შესაძლოა, იგივე გაიმეოროს და ხომ არ იქნება ეს განცხადება ამ ჯგუფისთვის წამახალისებელი, მამა მიქაელ ბოტკოველი პასუხობს, რომ საპატრიარქომ საგანგებოდ მოუწოდა მრევლს, პროვოკაციას არ აყვნენ.
„ჩვენ საგანგებოდ მივუთითეთ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ განცხადების გაკეთებაზე. საგანგებოდ მივანიშნეთ და მოვუწოდეთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციას. ეს იყო პროვოცირება მისი მხრიდან და მავანთა განზრახვაშია, რომ საზოგადოებაში შეიქმნას არეულობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მოსახლეობას და მრევლს, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესია, რომ არ აყვნენ ამ პროვოცირებას და არ შეეცადონ, თვითნებურად დაამყარონ წესრიგი.
სახელმწიფოს ვთხოვთ, დაგვეხმარონ ამ საკითხის მოგვარებაში, გამკაცრდეს კანონი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველი.
ეს სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდი, რადგან ჩვენ გვაქვს ცუდი პრეცედენტები, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწორედ რელიგიურ ნიადაგზე წარმოიქმნება ხოლმე ასეთი მძაფრი დაპირისპირებები და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველას, რომ სიმშვიდე გამოიჩინონ“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის მისამართით მკაცრი განცხადების საფუძველი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას „უნიჭო ხუმრობები და ცინიზმი“ გახდა, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანისთვის არანაირი გაკვეთილი არ არსებობს, ის ისევ აგრძელებს მსგავს უნიჭო ხუმრობებს, ცინიზმსა თუ უტიფრობას და საზოგადოების მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ეკლესიისთვის და სწორედ ეს გახდა მაპროვოცირებელი იმისა, რომ ჩვენ ასეთი მკაცრი განცხადება გაგვეკეთებინა „რუსთავი 2“-ის მისამართით“, – განუცხადა პირველ არხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა.
ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ როდესაც კონკრეტული პირი არ ითვალისწინებს, რომ რელიგიურ უმრავლესობას (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლებს) შეურაცხყოფა არ მიაყენოს, საჭიროა, კანონში ცვლილებების შეტანაზე დაიწყოს მსჯელობა და მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულში გადავიდეს.
„თუ ადამიანს ვერ აჩერებს ის, რომ მან არ უნდა მიაყენოს რელიგიურ უმრავლესობას (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლებს) შეურაცხყოფა და არც არავის უნდა მიაყენოს, მაშინ, ალბათ, საჭიროა, ვიმსჯელოთ და შევიტანოთ კანონში ცვლილება და ეს ქმედება გადავიტანოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.
ასეთი გამოთქმა არსებობს ეკლესიაში, თუ ადამიანს სიყვარული ვერ გააჩერებს, მაშინ ის შიშმა უნდა გააჩეროს, ამიტომაც წერია წმინდა წერილში, რომ შიში შეიქმს სიყვარულსაო. თუ სიყვარული იქნება, შიში აღარ იქნება საჭირო, მაგრამ როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ შიში უნდა იყოს, რადგანაც სხვანაირად არ გამოდის. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ მღელვარებას საზოგადოებაში და ჩვენ ერთხელ ვნახეთ პრეცედენტი, როდესაც მასთან ანგარიშის გასასწორებლად მივიდა ახალგაზრდების ჯგუფი“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.
ამასთან, განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, „გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“.