მიქაელ ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილს გადავეცი პატრიარქის თხოვნა შიმშილობის შეწყვეტაზე, მან თქვა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ასევე მთხოვა უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და დაუბრუნონ
უწმინდესობის დავალებით მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა. ასევე, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომელმაც ციხეში მიხეილ სააკაშვილიმოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.
„ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ პატივს სცემს და მოვიკითხო. რაც შეეხება საკითხს შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მის შეცვლას არ აპირებს. მე არ ვყოფილვარ მის საკანში, შევხვდით ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც არის მიღებების საშუალება. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ დაუბრუნონ. სხვა არაფერი უთქვამს. მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე, ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მშვიდად და წყნარად ვისაუბრეთ. სახარება მოვიტანე მოოქროვილი და ასეთი ამანათის შეგზავნა პროტოკოლიდან გამომდინარე არ შეიძლება, გვითხრეს, რომ თუ იქნება ჩვეულებრივი ყდით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენ, როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, ყოველთვის მივდივართ და ვთხოვთ რომ შეწყვიტოს შიმშილობა. პატრიარქმა შეარჩია თავად ეს სახარება. სხვათა შორის სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მოვუტანე და იმას შეუგზავნიან“, – განაცხადა ბოტკოველმა.