მინსკში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერი, არასანქცირებული დემონსტრაცია გაიმართა
მინსკში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერი, არასანქცირებული დემონსტრაცია გაიმართა

მინსკში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველების – ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერი არასანქცირებული დემონსტრაცია გაიმართა.

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო და ბელარუსის ტექნოლოგიური პარკის დირექტორი ვალერი ცეპკალო პრეზიდენტობის კანდიდატებად არ დაარეგისტრირა.

ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის გამზირზე საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე შეიკრიბა.

ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ბაბარიკოს მომხრეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები 20 ივნისს წარუდგინეს. თუმცა 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, მიზეზად კი მისი საშემოსავლო და ქონებრივ დეკლარაციაში შეუსაბამობები, ასევე მის საარჩევნო კამპანიაში უცხოური ორგანიზაციის მონაწილეობა დასახელდა.

„ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ბაბარიკო 19 ივნისს დააკავეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „ბელგაზპრომბანკის“ საქმე ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებას უკავშირდება. დაკავებულია ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.

რაც შეეხება ვალერი ცეპკალოს, მას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი მხარდამჭერთა არასაკმარისი ხელმოწერების გამო უთხრა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.