მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. ბელარუსული ტელეგრამ-არხის „პულ პერვოგოს“ ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებით, თვითმფრინავის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. აღსანიშნავია, რომ რადარის მონაცემებით, თვითმფრინავი უკვე ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა ის მინსკისკენ მოაბრუნეს.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.
რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.