მინსკში ფერწერული გამოფენა, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა
მინსკში ფერწერული გამოფენა, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერიის – „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, ფერწერული გამოფენა სახელწოდებით, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს, ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას, თამარა მატვეენკო-ბატაკოვას, ვალენტინ გუბარიოვს, სერგეი რიმაშევსკის და ანდრეი სმიოლაკის – ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გარღმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა გამოფენაში მონაწილეობისთვის.

„კულტურის უნივერსიტეტის“ გალერეა ექსპოზიციას მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.