მინსკის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს აკავებენ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს აკავებენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გროდნოში სამართალდამცველებმა ჟურნალისტი მარია ლიუდკევიჩი დააკავა.
მინსკში მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ხარვეზით მიეწოდება ინტერნეტი. რამდენიმე საათის წინ შეჩერებული იყო სამი მეტროსადგურის მუშაობაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მეტრომ მუშაობა განაახლა.
აქციის ჩატარებაზე მინსკის მთავრობას ოფიციალური ნებართვა არ გაუცია.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.