მინსკის სასამართლომ ბელარუს ჟურნალისტს, არხ Nexta-ს ყოფილ ხელმძღვანელს, რომან პროტასევიჩს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბელარუს ჟურნალისტს, არხ Nexta-ს ყოფილ ხელმძღვანელს, რომან პროტასევიჩს, რომლის რეისიც 2021 წელს იძულებით დასვეს მინსკში, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მინსკის რაიონულმა სასამართლომ პროტასევიჩი ოპოზიციური მედიასაშუალების რედაქტორად მუშაობასთან დაკავშირებით მთელ რიგ დარღვევებში ცნო დამნაშავედ. პროტასევიჩს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ასევე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება.
რომან პროტასევიჩი 2021 წლის მაისში ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ მისი რეისი მინსკში იძულებით დასვა. პროტასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს. ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსი „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულეს. ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა.
2022 წლის მაისში სოფია საპეგას შუღლის გაღვივებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
Nexta ბელარუსი დისიდენტის, სტეპან პუტილოს მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-არხია. პუტილოს ბელარუსის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს.