მინსკში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფები ბელარუსის დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები. თვითმხილველების თქმით, მომიტინგეები ნაგვის ურნებისა და ქვებისგან ბარიკადების აგებას ცდილობენ. არიან დაკავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ამასთან, მინსკის ქუჩებში გამოჩნდა სამხედრო ტექნიკაც. ფოტოები სოციალური ქსელებში გავრცელდა.
დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს ქალაქ ბრესტში.
ბელარუსში მომიტინგეები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.