მინსკის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა იური პუდიშევმა, რომელიც 3 აპრილს 66 წლის გახდა, ბელარუსის ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოხატა.
„ბელორუსის ჩემპიონატს იშვიათად ვუყურებ. ტელევიზორი ჩართვა დამავიწყდა და ფეხბურთს ცოტათი დავშორდი. აპათია დამეუფლა, რადგან განაცხადში ჩემი შეყვანა არც ერთ გუნდს არ სურს. მე კი თამაში მინდა. რა თქმა უნდა, ეს აშკარა დისკრიმინაციაა. ნუთუ ძნელია, მოედანზე 15-20 წუთის განმავლობაში შემიშვან? ვეტერანთა ნაკრებში ხომ დავრბივარ.
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვ, რომ ბორისოვის „ბატეს“ ან ნებისმიერი სხვა გუნდის განაცხადში შემიყვანონ. მთავარია, პრემიერლიგაში ვითამაშო”, – ეს პუდიშევმა „საფეხბურთო თემების“ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პუდიშევი 1982 წელს მინსკის „დინამოს” შემადგენლობაში სსრკ ჩემპიონი გახდა. სულ კარიერაში 37 სეზონი ჩაატარა, 557 მატჩი ითამაშა და 41 გოლი გაიტანა. ბელარუსი ვეტერანის სურვილია, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშის სტატუსი „დაიბევოს“. მან 2010 წლის 25 ოქტომბერს ბელარუსის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა, როდესაც 56 წლის ასაკში ითამაშა – ის ბრესტის „დინამოს“ ფორმით ბორისოვოს „ბატესთან“ მატჩში მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
პუდიშევი მსოფლიოს რეკორდსმენია მათ შორის, ვისაც თავისი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის მთავარ ლიგაში უთამაშია. თუმცა, რეალურად მუდმივმოქმედი მოთამაშე არაა – ის მოედანზე პერიოდულად რეკორდების დასამყარებლად გადის.
მუდმივმოქმედ მოთამაშეებში ყველაზე ხანდაზმულ პროფესიონალ ფეხბურთელად იაპონელი კაზუიოში მიურაა ითვლება, რომელიც 53 წლისაა. მის ანგარიშზე პროფესიულ ფეხბურთში ჩატარებული 35 სეზონია, ამჟამად კი იაპონიის მეორე ლიგის „იოკოჰამას“ ფეხბურთელია.