უცნაური გოლი ზურგით - რამოსმა გაიტანა, ქანთარია დაბრუნდა, დიასამიძემ დაისვენა (ვიდეო)

ბელარუსში საფეხბურთო პრემიერლიგაში სეზონი არ შეჩერებულა და ტურნირის პირველი წრის დასასრულს უახლოვდება. ამჯერად, მე-11 ტური დაიწყო, რომელიც 4 დღე გრძელდება.

გროდნოსნემანი“ გასვლაზე „გოროდეიას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, გროდნოელთა განაცხადში გიორგი ქანთარია მოხვდა, რომელიც 77-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ბელარუსული გუნდის 23 წლის მცველმა კორონავირუსზე ტესტირება ორჯერ გაიარა და ვირუსი არ დაუდასტურდა.

ჟოდინოს „ტორპედოს“ გამარჯვებაში წვლილი გაბრიელ რამოსმა შეიტანა. ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა „სმოლევიჩთან“ საშინაო მატჩში მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც საკმაოდ უცნაური გამოდგა, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბურთი კარში გააგზავნა არა ფეხით ან თავით, არამედ – ზურგით. „ტორპედომ“ 2:1 მოიგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა.

სოლიგორსკის „შახტიორი“ გასვლაზე მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდა – გეგა დიასამიძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. სოლიგორსკელებმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს (0:1) და 11 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.