მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების აქცია ბათუმის პროკურატურასთან გრძელდება
კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა თურქეთის საკონსულოდან საპროტესტო მსვლელობით ბათუმის პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები თურქეთის საპატიმროში მყოფი ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.
„აქ არიან პროკურორები, რომლებმაც მრავალი ადამიანი გაამწარეს, მათ პასუხი უნდა აგონ, ისინი კი ჯილდოებს იღებენ. ჩვენ მათგან მხოლოდ კანონის აღსრულებას ვითხოვთ, მეტს არაფერს“, – განაცხადა უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც აქციას შეუერთდა.
მინდია ლავასოღლი 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს, განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. გასულ წელს ლავასოღლი თურქეთში დააკავეს.
საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 2020 წლის 28 თებერვალს ამოიწურა, თუმცა მეორე დღესვე ლავასოღლი ხელახლა დააპატიმრეს.
ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, პატიმარს სამჯერ ამოეწურა ექსტრადიციის ვადა, თუმცა იგი სასამართლო პროცესის შემდეგ ისევ თურქეთის ციხეში შეაბრუნეს. ახლობლები ამბობენ, რომ მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, თურქეთში კი გაუსაძლის პირობებში იმყოფება.
აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.