ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მინდია გოგოჭური დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა.
მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა MAKAPOB-ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. მ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს მიერ გამოყენებული ამნისტიის საფუძველზე, მ.გ.-ს სასჯელის საბოლოო სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.