„მინდა ვენდო სასამართლოს“ - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალ კამპანიას იწყებს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომელიც ემსახურება სასამართლო სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებას.
კამპანიის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, სასამართლო სისტემის განვითარების მიზნით წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, კოალიცია ყურადღებას გაამახვილებს მართლმსაჯულების სისტემასა და მის რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე. დაიგეგმება პრესკონფერენციები, აქციები და სპეციალური ღონისძიებები.
კამპანიის ფარგლებში, მედიაორგანიზაციებს ეტაპობრივად მოეწოდებათ ინფორმაცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხელმისაწვდომო იქნება კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევითი მასალები და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. კოალიცია გამოყოფს კონკრეტული მიმართულებით სპეციალურად შერჩეულ სპიკერებს, რომლებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სასამართლო სისტემაში არსებულ კლანური მმართველობაზე, მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნის გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, ასევე სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არასათანადო პოლიტიკური ნებაზე.
მოცემულ ვითარებაში კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, მოხდეს სასამართლოსთან მიმართებით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული გააზრება და არსებული პრობლემების აღიარება.
კოალიცია ითხოვს, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსახულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყონებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც, კოალიციის წევრების განცხადებით, არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სიღრმისეული რეფორმები ჩატარდეს სასამართლო სისტემაში.
„არსებობს კლანური მმართველობა, მოსამართლეებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსები და მათ წარსულთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები. რა თქმა უნდა, ყველა მოსამართლე არაა ცუდი, მაგრამ ეს ადამიანები არიან კლანური მმართველობის მსხვერპლნი. ამიტომ პოლიტიკური ხელისუფლება ამ ადამიანების გვერდში უნდა დადგეს. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უკეთესი კანონები, რომელიც სასამართლოს არეგულირებს. რაც ხდება სასამართლო სისტემაში, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. კარგი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა გიგაურმა.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.