მიმდინარე წლის ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 52.8 მილიონი ლარით გაიზარდა
მიმდინარე წლის ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 52.8 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის ნოემბერში საქართველოში ვადაგადაცილებული სესხები 52.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 478.8 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო, მათგან 48.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.6 პროცენტს გაუტოლდა.

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ნოემბერში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 7.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 15.4 პროცენტამდე.

წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი – 0.9 პროცენტული პუნქტით.