მიმდინარე წლის მარტში შვედეთმა თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ ერთ მოქალაქეს მისცა
შვედეთის მიგრაციის სააგენტომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მარტში თავშესაფარი ქვეყანაში საქართველოს 87-მა მოქალაქემ მოითხოვა.
ამ კუთხით კლების ტენდენცია ფიქსირდება, რადგან იანვარ-თებერვალში 285 მიმართვა დარეგისტრირდა, 2017 წელს კი 1105. თუმცა, იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველო სირიის შემდეგ მეორე პოზიციას ინარჩუნებს.
წელს მიგრაციის სააგენტომ საქართველოს მოქალაქეთა 481 მიმართვა განიხილა და თავშესაფარი მხოლოდ ერთ პირს მიანიჭა. შარშან 963 მიმართვა იყო განხილული, მათგან დადებითი პასუხი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ წელს საქართველოს 17-მა მოქალაქემ ოფიციალურად მიიღო შვედეთში მუშაობის უფლება. შარშან 95 ნებართვა გაიცა.
შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და კრიმინალური დაჯგუფებების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.