მიმდინარე წელს ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გურულთან
6 თებერვლიდან უნგრეთში სტარტს აიღებს „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირი კრივში (65th edition of the Bocskai Memorial Tournament), სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდიდან უმაღლესი მიზნებისთვის სულ 5 სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის იქნება 24 წლის ლაშა გურული (Instagram-ის გვერდი), რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მოკრივეა.
ლაშას კარიერის მანძილზე არაერთ საერთაშორისო ტურნირზე მიუღწევია წარმატებას. გურული საქართველოს 5 გზის ჩემპიონია, 2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2017 წელს კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. 2018 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა ის არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებულია.
ლაშა გურული საქართველოს ნაკრების კაპიტანია. გუნდი უნგრეთის პრინციპული შეჯიბრისთვის 25 იანვრიდან ემზადება. ჩვენ ნაკრების კაპიტანს დავუკავშირდით და ტურნირამდე გავესაუბრეთ.
-როგორი სისტემით გაიმართება ტურნირი? რა შემადგენლობით იასპარეზებს ნაკრები უნგრეთში და რამდენად კმაყოფილი ხარ მოსამზადებელი ეტაპით?
საქართველოს ღირსებას სულ 5 მოკრივე დავიცავთ. თავდაპირველად შედგება აწონვები, რის შემდეგაც კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში მოახდენს წყვილების გადანაწილებას. 25 იანვრიდან აქტიურად ვემზადებით ამ პრინციპული ტურნირისთვის. ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ.
-რა არის შენი მთავარი მიზანი მიმდინარე წელს? რაიმე სხვა ტურნირზე ხომ არ გეგმავ გამოსვლას?
უნგრეთის ტურნირის შემდეგ პირადად მე მაისში მივიღებ მონაწილეობას ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრზე. იმ შემთხვევაში თუ შევძლებ ოლიმპიადის ლიცენზიის მიღებას, მაშინ ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღებ მონაწილეობას.
-რა ასაკში დაინტერესდი კრივით? და როგორია შენი მომავალი გეგმები? აპირებ თუ არა კრივში დარჩენას?
კრივით 5 წლის ასაკში დავინტერესდი. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 2021 წლის ბოლოს მივიღებ. შესაძლოა სამოყვარულო კრივში დავრჩე 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე. თუმცა ასევე შესაძლებელია 2022 წლიდან პროფესიონალურ კრივში გადავიდე. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს.