მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება
მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება

მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება.

როდის წარუდგენს დეპუტატებს მოხსენებას საქართველოს პრეზიდენტი, ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.

რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც შესაძლოა, გაიმართოს ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები ან პოლიტიკური დებატები, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო იღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ახალ პრეზიდენტს 2018 წელს ირჩევს, ამ საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი წლიურ მოხსენებას ბოლოჯერ წარადგენს. პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გასულ წელს, 7 აპრილს წარდგა და ყურადღება მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო.