მილტონ ჰეიგი: გზავნილი გვაქვს "მსოფლიო რაგბისთვის", რომ მსგავს ტესტებს უფრო ხშირად ვიმსახურებთ (უელსი - საქართველო | პრესკონფერენცია)
კარდიფში, “პრინსიფალითი სთედიუმზე” (ყოფილი “მილენიუმი”) უელსისა და საქართველოს ნაკრებებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს და მატჩის წინა პრესკონფერენცია ჩაატარეს.
უელსის ნაკრების შერკინების მწვრთნელმა, რობინ მაკ’ბრაიდმა განაცხადა, რომ: “საქართველოს ნაკრებს მძლავრი და მძიმე შერკინება ჰყავს. ჩვენი, როგორც გუნდის უმთავრესი ამოცანაა ბურთი სწრაფად ვამოძრავოთ და მეტოქე დავღალოთ. გადაცემებისას უზუსტობა არ უნდა დავუშვათ. აგრეთვე, დისციპლინას აუცილებლად უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენს შერკინებას საქმეს გავუადვილებთ, თუკი ბურთს დიდხანს შევინარჩუნებთ. ბევრი ახალგაზრდა ბიჭი გვყავს, რომლებიც ნაკრებში ხშირად ვერ ხვდებიან. ისინი ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ”.
მილტონ ჰეიგმა პირველ რიგში უელსის ნაკრების შემადგენლობაზე ისაუბრა: “ეს ტესტ რაგბია და ამ დონეზე რთულია მუდივად მოახერხო საუკეთესო შემადგენლობის შეკრება. მიუხედავად ამისა, რეალობა ასეთია, რომ მეტოქის ყველა მორაგბე მაღალი დონისაა, სხვაგვარად ისინი უელსის ნაკრებში ვერ მოხვდებოდნენ. ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს – მართალია ამჯერად უელსის ნაკრები ნაკლებ გამოცდილი მორაგბეებითა დაკომპლექტებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც ხვალ სათამაშო ფორმას მოირგებენ, ძალიან მოტივირებულები იქნებიან საკუთარი უნარები სრულყოფილად გამოავლინონ და ნაკრებში შანსი კვლავ მიიღონ”.
“ჩვენ ბოლო ექვსი წელია ნაკრების განვითარებაზე ვმუშაობთ. როდესაც შანსი მოგვეცემა ბურთს ხაზზეც სწრაფად გავათამაშებთ და მეტოქეს პრობლემებს შევუქმნით. შესაძლებლობა გვეძლევა დავუპირისპირდეთ პირველი რანგის გუნდს, აგრეთვე გზავნილი გვაქვს მსოფლიო რაგბისთვის, რომ მსგავს ტესტებს უფრო ხშირად ვიმსახურებთ და ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ამასთან, შესაძლებლობა გვაქვს გამოვაცოცხლოთ “ექვს ერთან” დაკავშირებული საუბრები”.
“ბორჯღალოსნების” კაპიტან მერაბ შარიქაძეს უელსელმა ჟურნალისტებმა პროგნოზის გაკეთება სთხოვეს. “უელსელები ძლიერები არიან სწრაფ თამაშში. რაქიდან მუდამ სწრაფი ბურთი აქვთ და ხვალ დარწმუნებული ვარ შეეცდებიან, რომ სწრაფად გაათამაშონ ბურთი და სისწრაფეზე ორიენტირებული თამაში ჰქონდეთ” – განაცხადა შარიქაძემ. “პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს და ახლაც თავს შევიკავებ. ერთადერთი რაც შემიძლია ყველა გულშემატკივარს დავპირდე ისაა, რომ მოედანზე გავალთ და ყველაფერს დავტოვებთ. შედეგი რა იქნება მაგას ხვალ ვნახავთ”.
შეხვედრა 18 ნოემბერს თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიყწყება.