მილტონ ჰეიგი: ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მატჩის მიწურულს შერკინებით ლელოს დავდებდით (უელსი - საქართველო | მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია)
კარდიფში, “პრინსიფალითი სთედიუმზე” უელსმა საქართველოს დაძაბულ ორთაბრძოლაში 13:6 მოუგო.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ძირითადად შეხვედრის ბოლო წუთებს დაეთმო, როდესაც უელსელებს შეცვლაზე შესული მორაგბე გაუძევეს და ვინაიდან მის ნაცვლად მოედანზე ბურჯი ვერ დაბრუნდა, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. აღნიშნულმა ფაქტმა მატჩის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია.
ვორენ გეთლენდი (უელსის მთავარი მწვრთნელი): “ჩვენც ისეთივე დაბნეულები ვიყავით როგორც ყველა სხვა. მართალია ლეონ ბრაუნი შეცვლაზე გავიდა, თუმცა მისი უკან დაბრუნება გუნდის ექიმმა კუნთების დაჭიმულობის გამო გამორიცხა. დამიჯერეთ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ამ ქმედებით რაიმე სახის უპირატესობა მიგვეღო”.
მილტონ ჰეიგი: “იმედგაცრუებული ვარ, რომ შეხვედრა ასე დარსულდა. ჩვენ რა თქმა უნდა შერკინებით გვსურდა თამაში. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მატჩის ბოლოს შერკინებით ლელოს დადებას მოვახერხებდით. მგონია, რომ ეს ჩვენმა მეტოქემაც იცოდა. შარშანდელთან შედარებით დიდი პროგრესი გვაქვს, რაც დღეს მოედანზე დავამტკიცეთ. ყველაფერზე კარგად საბოლოო ანგარიში მეტყველებს. განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ დაცვაში გუნდის თამაშით. უდიდესი გამოწვევა იყო, რომ პირველ ოც წუთში მეტოქის ტემპს ავყოლოდით. როდესაც ტემპს მივეჩვიეთ შეტევების მოგერიება აღარ გაგვჭირვებია.”
მერაბ შარიქაძე: “ჩვენ მოედანზე თავიდანვე მოსაგებად გავედით. ვიცოდით რომ არავისზე ნაკლები გუნდი არ ვართ, თუნდაც კანადასთან მატჩიდან გამომდინარე. ბოლო ეპიზოდს რაც შეეხება – შეიძლება ითქვას არ გაგვიმართლა. შეგვეძლო ლელოს დადება. რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომაც იყო, ცოტა გამოცდილება დაგვაკლდა, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა”.
მირიან მოდებაძე: “ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასეთ სტადიონზე და მსგავსი ძლიერი გუნდის წინააღგმდეგ არასდროს მითამაშია. ვფიქრობ კანადასთან შეხვედრის შემდეგ დღეს უკეთ ვითამაშე და ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამომადგება”.
“ბორჯღალოსნები” მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ქართველ მორაგბეთა მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატები იქნება.